დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელებში                                                                                                         პარკეტის მოცარტი

პარკეტის მოცარტი ნამუშევრები ჩვენი სერვისი ლაქები და ზეთები ინტერვიუ დაგვიკავშირდით

კლასიკური პარკეტის დაგება


პარკეტის დაგების გეომეტრია იატაკის ვიზუალს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს. ჩვენ გიჩვენებთ რა უნდა გავითვალისწინოთ წყობის შერჩევისას და რა ეფექტების მიღება შეიძლება განსხვავებული გეომეტრიით.


პარკეტის წყობის გავრცელებულია სახელებია გემბანური  (პალუბნი), კიბე, თევზის ძვალი,  (იოლკა), მოზაიკური, ნაქსოვი, ჭადრაკული, პარალელური, ინგლისური, ფრანგული, ძველგერმანული და ასე შემდეგ. წყობის შერჩევისას ლამაზმა სახელმა არ უნდა გვაცდუნოს. რთული კონსტრუქციის და ძნელად დასაგები წყობა ავტომატურად არ ნიშნავს რომ მოცემულ პირობებში მას უკეთესი ეფექტი ექნება, ვიდრე მარტივ, პარალელურ წყობას.


გეომეტრიის შერჩევისას სათვალავში მიიღება სივრცითი მოცემულობები:


განფენილობა (ვიწრო, ფართო, გრძელი მოკლე, მართკუთხა თუ მეტად კვადრატული)

მზის სინათლე (ფანჯრების რაოდენობა და ზომები, მზიანი თუ უმზეო მხარე, დაჩრდილვა და ა.შ.)

ავეჯით დატვირთვის მაჩვენებელი (პარკეტის რა ნაწილი რჩება ხილული)

დანიშნულება (საოჯახო, საოფისე და საჯარო)


რაც არ უნდა მდიდრული და ფართო წყობით დავაგოთ პარკეტი პატარა ოთახში, მას სასახლის დარბაზად ვერ გადავაქცევთ. ეფექტი შეიძლება სრულიად საპირისპირო აღმოჩნდეს და სივიწროვის და სივრცითი „უბადრუკობის“ ეფექტი კიდევ უფრო გავაძლიეროთ, რადგან ასეთ წყობებს „გასახსნელად“ ფართობები სჭირდებათ.


სამწუხაროდ არ არსებობს 100 პროცენტიანი ფორმულა, რომლებიც გვიკარნახებს რომელი გეომეტრიული წყობა რომელ ოთახში უნდა იყოს გამოყენებული, რადგან საბოლოო ოპტიკაზე წყობასთან ერთად სხვა ბევრი ფაქტორიც მოქმედებს, როგორიცაა ხის მასალა, მისი დამუშავების სახე და დაფერვის და დაცვის საშუალებები.


ამის მიუხედავად არსებობს ოქროს წესები, რომლებიც ყველა სივრცეს შეიძლება მივუსადაგოთ:


45 გრადუსიანი დაგება ოთახებს უფლო მოცულობითად წარმოაჩენს. ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს მცირე ზომის პარკეტის გამოყენებით. დიდი ზომის პარკეტი უფრო ლამაზია დარბაზებში.

პირდაპირი და პარალელური წყობა აგრძელებს ოთახს თუ ის კედლის პარალელურად მიემართება. მართობულად დაგებული პირდაპირი წყობა კი ამოკლებს.

ავეჯით „დახუნძლული“ და დაჩრდილული იატაკები უფრო ჰარმონიულია თანაბარი და ერთფეროვანი წყობით.

თუ ოთახში დიდი თავისუფალი ადგილია, სასურველია სინათლის თამაშის ფოკუსირება პარკეტზე თევზის ძვლის წყობით.

ჰარმონიული საერთო სურათისთვის რეკომენდირებულია პარკეტი დაიგოს სინათლის დაცემის მიმართულებით. ესეთ შემთხვევაში ღარები თვალშისაცემი არ არის.

თუ სივრცითი მიმართულების და ზომების ხაზგასმა არ გვინდა, კარგია ძლიერი წყობები ჭადრაკული ან მოზაიკური.


ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე მეტად გავრცელებულ წყობებს.


გემბანის, პალუბნი წყობა - პარკეტი ერთმანეთის პარალელურად იგება, ბმები სიმეტრიული არ არის. ბმების სიმეტრიიის შემთხვევაში გემბანური პარალელურ წყობად იქცევა.

ინგლისური წყობა - ბმები პარკეტის სიგრძის ნახევარზე ხდება. ოქსფორდის შემთხვევაში ორ მესამედზე.


კიბე - პარალელური წყობა ჩადგმული „მოაჯირებით“

თევზის ძვალი იგივე იოლკა - პარკეტის ელემენტები ერთმანეთთან მართობული კუთხით იგება. არსებობს ერთ, ორ, და სამ ელემენტიანი თევზის ძვალი. ეს წყობა განსაკუთრებით ელეგანტურია დიდ ოთახებში.


ფრანგული თევზის ძვალი იგივე ფრანგული იოლკა - პარკეტი 45 ან 30 გრადუსიანი კუთხით იჭრება.


ძველგერმანული წყობა - ორი პარკეტი იდება ერთმანეთის გვერდით და ხვდება მართობულად დადებულ დამოკლებულ ნაჭერს. ეს წყობა განსაკუთრებით ლამაზია, როცა სხვადასხვა  შეფერილობის ხის ჯიშების კომბინირება ხდება.  


ნაქსოვი წყობა - გრძელი და კვადრატული პარკეტის კომბინაცია, რომლის მრავალი ვარიაცია არსებობს.


ჭადრაკული,  დაფური წყობა - რამდენიმე პარკეტი კვადრატად იკვრება და ერთმანეთთან 90 გრადუსიანი კუთხით ტრიალდება. წყობა მოგვაგონებს ჭადრაკის დაფას.



არსებობს მრავალი სხვა გეომეტრიული წყობა, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია რომბისებრი წყობა, რითაც 3 განზომილებანი ეფექტების მიღება შეიძლება.